ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია უნდა შეწყდეს და სტაციონარებიც უნდა გათავისუფლდეს. როგორც ბუწაშვილი ფეისბუქზე წერს, სხვა შემთხვევაში მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია დაყოვნდებდა.
"სანამ ჯერ კიდევ დროა, გავათავისუფლოთ სტაციონარები "წამოწოლილი" პაციენტებისგან! ზოგიერთები კი მაკრიტიკებენ, პაციენტი არ უნახავს და აზრზე არ არის, ვინ უნდა დააწვინონ და ვინ არაო, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უამრავი ჩემი ამბულატორიული პაციენტი (ახლობლებზე აღარაფერს ვამბობ), ვისთანაც სიტუაცია ზუსტად ვიცი, რომ სტაციონარში მოთავსებას საერთოდ არ საჭიროებდა, სრულიად გაუგებრად მოხვდა საავადმყოფოში ან პაციენტისვე დაჟინებული მოთხოვნით ან ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. მათ შორის, არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია უტარდება ბევრ ბავშვს", - ამბობს ინფექციონისტი.
მისივე თქმით, პაციენტების დიდ ნაწილში "გაუმართლებად" ტარდება ჰორმონოთერაპია, ანტიკოაგულაცია, ანტიბიოტიკოთერაპია და კომპიუტერული ტომოგრაფიები. ამასთან, ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ რემდესივირი არ მუშაობს, რაზეც ახალი მონაცემები მეტყველებს.
"თუ ოდესმე გვეღირსება და მხოლოდ ათგვერდიანი პასკვილების მაგივრად, დასაბუთებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც ვნახავთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობის და გამოსავლების შესახებ, ეს ყველაფერი აშკარა გახდება, მაგრამ ახლა ამის გარჩევის დროც არ არის. მთავარია, დროულად გავათავისუფლოთ სტაციონარები (ანუ დროულად გავწეროთ პაციენტები) და ასევე შევწყვიტოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაციები, თორემ თუ ტემპი ასე გაგრძელდა, მივიღებთ ისევ იგივე სურათს, ისტერიულად რომ იწყებოდა თავისუფალი საწოლების ძებნა კლინიკებში და მართლა მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ძალიან ხშირად ყოვნდებოდა", - წერს ინფექციონისტი.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 4 495.
დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 7,19%, ბოლო 14 დღის - 4,77%, ბოლო 7 დღის - 5,24%.
სულ ჩატარებულია 368 179 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 132 207 ადამიანი.